ეს მატყუარა დღიურია და არავის ეკუთვნის. ავტორის მოგროვებული ფიქრები და გაგონილი ამბებია სხვადასხვა წლებიდან. თარიღდება ბოლო 2-3 წლიდან მიმდინარე დღეებამდე. მოვლენების თანმიმდევრობა არ არის დაცული.
ვრეცხავ ჭურჭელს. მზე ჩადის და ფეხის თითებზე წითელი ლაქი მისვია. შემთხვევით ძალიან ბევრი მზისგან დამცავი წავისვი და სანაპიროზეც ჩამეძინა. გავიღვიძე წითელმა, ეს მზისგან დამცავიც სულ ტყუილად წამისვამს.ამას ჩემს შვილთან რატომღაც ხშირად ვიხსენებ: “მე ერთხელ ჩამეძინა სანაპიროზე..” ვრეცხავ ყვითელ თეფშებს, თეთრ თეფშებს ბაჭიები რომ ახატია და მწვანე, უზარმაზარ ფინჯნებს. ვცდილობ ყველა წინადადება ლამაზი გამოვიდეს, ისეთი ლამაზი, როგორიც ის ბიჭი მოტოციკლეტზე გუშინ შუადღეს რომ დავინახე. თმის საღებავის სუნი თავბრუს მახვევს და სიტყვები მავიწყდება. აქამდე უნდა ჩამომებანა, მაგრამ აუცილებლად უნდა მეთქვა,რომ ვრეცხავ ჭურჭელს! აუტანელი სიცხეა,მარაოს ვინიავებ და შენ გიყურებ. შენ ამბობ,რომ ყველაფერი კი კარგია,მაგრამ შეიძლება უკეთესი ყოფილიყო. ვიღლები და მბეზრდება.
ეს იყო არასერიოზული ქალაქი ქოლგებით, ყვითელი ქვიშით, ვარდისფერი ყვავილებით, სუნზე რომ მაცემინებდა, თეთრი და ცისფერი შენობებით, შეზლონგებით და ჯელატოებით. თითქოს ყველაფერი ჩვენთვის ააწყვეს როგორც ლეგო და დაგვახვედრეს. ჩვენც ისე ვიცხოვრეთ, როგორც ერთ დღეში აწყობილ ქალაქში უნდა გვეცხოვრა. ზღვა, რომელშიც არ შევედით და ნაყინი, რომელსაც მწველი მზე ხელებზე გადნობს და სხვა გზა არ გიტოვებს- თითებს ილოკავ ქუჩაში მოურიდებლად. მწველი, ცხელი მზე და ზღვის გრილი ქარი. ნიჟარები ცარიელ სანაპიროზე და გიმუქდება ჭორფლები მზეზე. ჩაო, ჩაო.. ბევრი ლუდი.
წიგნის კითხვისას ხშირად ვფიქრობ ხოლმე მთავარ პერსონაჟზე. დღის განმავლობაში უცებ მახსენდება, ნეტა როგორ არის, ახლა რას აკეთებს? გულთან მიმაქვს და ვდარდობ, განვიცდი ისე თითქოს ჩემი მეგობარია. წიგნში წაკითხული თანამედროვე და ინტერნეტთან დაკავშირებული სიტყვები მაღიზიანებს - “იუთუბი”, “ლაიქი”, “ინ-სტა-გრა-მი”!!! არა!!! არავითარ შემთხვევაში. მაგრამ, გამიხარდება თუ სთორის დამიგულებ.
შენი საყვარელი წიგნები წაუკითხავად შევიყვარე.
ისე ვშფოთავ ვგრძნობ როგორ მეზრდება თმა თავზე,ფეხზე ფრჩხილები და როგორ მეწვის ვენებში სისხლი.
“ტექსტი ზედმეტად მხატვრულია და არ აკმაყოფილებს ჩვენ მიერ მოთხოვნილ კრიტერიუმებს. თუმცა, აუცილებლად გირჩევთ, რომ კიდევ სცადოთ შემდეგ ჯერზე. წარმატებები!”
ვხედავ როგორ გიჭირს ფეხზე დგომა და მხოლოდ ხაზები ხარ ფერების გარეშე. თითქოს ცუდად დაგხატეს საბავშვო გასაფერადებელ ჟურნალში. შავი ხაზები ფერების გარეშე, ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივად არის, გაცვია ჯინსი, რომელიც მუქი ლურჯი უნდა იყოს,მაგრამ ახლა მხოლოდ შავი ხაზებისგან შეკრული გაურკვეველი სილუეტია. ცარიელი, როგორც პროგრამა ფეინთში გამზადებული წრე ან სამკუთხედი, შიგნით ფერი რომ უნდა ჩაასხა. და მეუბნები, რომ გაგაფერადო, თორემ სიცოცხლეებს კარგავ. ვიბნევი და ვერ ვხვდები,რას გულისხმობ. თუ ეს მეტაფორაა, ვგრძნობ როგორ მიცრუვდება გული შენზე და როგორი სევდიანი ვრჩები.
ჩემი ყოველი შენთან დაბრუნება უაზროა.
არ ვივიწყებ, ვიმახსოვრებ და ტვინში ვიმეორებ, ფურცლებზე ვიწერ შავი კალმით - რომ უფორმო სხეული ვარ სახის გარეშე და არც ეზოში ამოსული ყვითელი ყვავილები მახარებს.
თვალის გახელისას პირველი რაც დავინახე დაავადმყოფებული, ბებერი ქუჩის კატა იყო. ეს გაქუცული და მახინჯი არსება უმი ხორცის ნაჭრებს მიირთმევს, თათებს იტკბარუნებს და თვალებში დამცინავად მიყურებს. ამ სცენაზე ტანში მაჟრიალებს, ბრაზით ვივსები, ფიქრებსაც ვეღარ ვიმორჩილებ,მხოლოდ ერთი ფრაზა მიტრიალებს ტვინში - ,,მინდა მოკვდეს”. ამ დროს არ ვიცი რომ თვეები გავა და მართლა მოკვდება, მე კი შემეცოდება და გავიხსენებ ხოლმე პატარა მახინჯს და თვალში დამაკლდება, როცა თავის ადგილას არ დამხვდება სახლიდან გასულს. ნაბიჯს ვუჩქარებ და თავს ვახსენებ, რომ ავტობუსზე მაგვიანდება. გაჩერებაზე ჩამოსულს გზად ჩემი ბავშვობის მოგონებიდან ამომხტარი ქუჩის ტელეფონები მხვდება. კედელზე დამაგრებული ნაცრისფერი ტელეფონი დიდი ყურმილით. "როგორ დავრეკო?" - ვფიქრობ. ეს ინსტრუქცია ჩემს მოგონებას არ მოჰყოლია. პირდაპირ ნომერს ვკრეფ და პირველივე ზარზე მპასუხობს. სიტყვებს ერთი ამოსუნთქვით ვისვრი პირიდან:
- გახსოვს ალუბლები რომ დავრგეთ? ჩემზე პატარა ალუბლები ჩემზე დიდები გაიზარდნენ და ცას წვდებიან. უფროსწორედ ერთი გაიზარდა, აი მეორე.. არ ვიცი როგორ გითხრა, ძალიან მიჭირს, მეორე ალუბალი მოჭრეს და ახლა მხოლოდ პატარა კუნძია დარჩენილი მის ადგილას. დღეები ვტიროდი. პატარა ნაალუბალარის ადგილას,კუნძის გარშემო,წრეზე ძალიან ბევრი სოკო ამოვიდა. გესმის, ხო?
კითხვაზე პასუხის ლოდინში ვიაზრებ რომ მეორე მხრიდან არავინ მისმენს და ტელეფონის ყურმილიც ხელიდან მიქრება.
- ჩვენმა ვარდებმა რომ დაიყვავილა? გული დამწყდა.
- რატომ?
- აღარ ყვავის.
ზოგჯერ, როცა სახლში სულ მარტო ვარ მესმის თითქოს ვიღაც ხმამაღლა სუნთქავს. სვენებ-სვენებით და ნელა, ღრმა ჩასუნთქვებით. ვწყვეტ მუშაობას, ვაყურადებ, თვითონ სუნთქვას ვიკავებ და ვცდილობ გავიგო მართლა მესმის თუ არა.